English / ქართული / русский /
ავთანდილ სულაბერიძე
უახლესი დემოგრაფიული ვითარება-დეპოპულაციის სტარტი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დეპოპულაციის, როგორც მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის თეორიული საკითხები, მოცემულიადე პოპულაციის ფაზების განვითარების ავტორისეული ჰიპოტეზური ვარიანტი და მოყვანილია მისი ფორმირების პროცესი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მოცემულია მისი მოსალოდნელ ნეგატიური შედეგები.

საკვანძო სიტყვები: დეპოპულაცია, ცივილიზებული ტიპი, თანამედროვე ტიპი, ფაზა, ტიპთა შორისი პერიოდი. 

შესავალი

მსოფლიოს თანამედროვე დემოგრაფიული განვითარება მრავალფეროვნებით ხასიათდება თუ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპი უახლესით ჴ დეპოპულაციით იცვლება, ზოგიერთში იგი ბოლო ფაზაშია, ხოლო ზოგიერთში კი თანამედროვე ტიპის მეორე ფაზაა. არსებული დემოგრაფიული ტენდენციის თანახმად, გაეროს პროგნოზით, მსოფლიო მასშტაბით 3000 წლამდე იგი ნაკლებადაა მოსალოდნელი [www.esa.un.org].

საინტერესო ვითარებაა სამხრეთ კავკასიაშიც, თუ აზერბაიჯანში ახლა იწყება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მესამე ფაზა (მოკვდაობის დონე 2018 წლისთვის 6‰-მდე დაეცა და, მასთან ერთად, აღინიშნება შობადობის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია, რომელიც 2018 წლისათვის 16,5‰-მდე დავიდა), სომხეთში მესამე ფაზა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება და გაეროს მონაცემების თანახმად, 2020-2025 წლებშია მოსალოდნელი მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის დამთავრება და უახლესი ტიპის დაწყება [www.esa.un.org].

რაც შეეხება საქართველოს, მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპი გასული საუკუნის 90-იან წლებში დამთავრდა და დღეისათვის დეპოპულაციის ნიშნები აშკარაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველო ხასიათდება ევროპული ტიპის დემოგრაფიული ქცევით და კარგა ხანია მიეკუთვნება დემოგრაფიულად განვითარებულ ქვეყნებს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ევროპის  განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, იგი ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მსგავსად (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი) ეკონომიკურად განვითარებადია.

ამრიგად, საქართველოში, ევროპასა და მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნების მსგავსად, თანდათან მთავრდება შობადობის და მოკვდაობის მაღალ დონეზე კვაზი-წონასწორობის ერა და დგება შობადობისა და მოკვდაობის დაბალ დონეზე წონასწორობის ახალი ეტაპი, რომლისთვისაც, განსხვავებით წინა პერიოდებისა, ნაცვლად მოსახლეობის ახალგაზრდული სტრუქტურისა (მოსახლეობის სტრუქტურის პროგრესული ტიპი), ძირითადად დამახასიათებელია დაბერებული მოსახლეობა (მოსახლეობის სტრუქტურის რეგრესული ტიპი), სადაც მოკვდაობა აჭარბებს შობადობას და აღინიშნება დეპოპულაცია. 

* * *

დეპოპულაციის შინაარსში უწინარესად გულისხმობენ მოსახლეობის ბუნებრივ შემცირებას, რომლის დროსაც მოკვდაობა აღემატება შობადობას.

საქართველომდე, სადაც დეპოპულაცია მის ცალკეულ რაიონებში (რაჭა-ლეჩხუმი, გურია-იმერეთის სოფლები) 1970-იანი წლების შუა ხანებში დაფიქსირდა, ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (საფრანგეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია) აღინიშნა. მისი ფრაგმენტული ხასიათი დროის გარკვეულ პერიოდში გატარებული აქტიური სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკით აღიკვეთა და მომდევნო წლებში ამ ქვეყნებში მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოებაც კი იყო.

წინა პერიოდებში, ცალკეულ ქვეყნებში იგი თუ ლოკალურ ხასიათს ატარებდა,  დღეისთვის  დეპოპულაციამ ბევრი ქვეყანა მოიცვა და დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერების თანახმად, იგი თანდათან საყოველთაო ხდება. მოსახლეობის აღწარმოების წინა ტიპისგან განსხვავებით, დემოგრაფიული დაბერების მაღალი ტემპის პირობებში დემოგრაფიული სტრუქტურის გაუარესების, ისედაც დაბალ დონეზე არსებული შობადობის შემცირების და მოკვდაობის ზრდის მაღალი ტემპის გლობალური ტენდენცია აშკარად ადასტურებს ფრაგმენტულის ნაცვლად, მსოფლიო მასშტაბით მის კანონზომიერ ხასიათს, რაც მომავალში დემოგრაფიული განვითარების მომდევნო ეტაპზე არ გამოირიცხება არც ერთ ქვეყანაში.

დეპოპულაცია გლობალურ, ხანგრძლივი დროის მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდება დემოგრაფიული სტრუქტურა, ხოლო შობადობის სფეროში გაეროს არსებული ოჯახის დაგეგმვის გლობალური პოლიტიკა კიდევ უფრო შეამცირებს შობადობის დონეს განვითარებად ქვეყნებშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე.

საქმე ისაა, რომ მსოფლიო მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება ორმხრივად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, შობადობის შემცირებით, მეორე მხრივ, მოკვდაობის ზრდით. განსაკუთრებით საშიში მასშტაბები შეიძინა ამ პროცესმა მოსახლეობის დაბალი აღწარმოების მქონე ქვეყნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპოპულაცია უკვე წარმოგვიდგება როგორც მოსახლეობის აღწარმოების ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატების საყოველთაო პარამეტრები. კერძოდ, შობადობას რამდენადმე აღემატება მოკვდაობა.

ძნელია ივარაუდო, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დეპოპულაცია როგორც აღწარმოების ტიპი. მოსახლეობის აღწარმოების სხვა ტიპებისგან განსხვავებით, შეიძლება იგი ნაკლებ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ მალთუსის ორი საუკუნის წინ ფაქტობრივად პროგნოზირებადი მოვლენა მოსახლეობის აღწარმოების ტიპად უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება ფაზათა რაოდენობას, ისევე, როგორც ჩვენეულ ჰიპოთეზას აღწარმოების უახლესი ტიპის თაობაზე, შემდგომი კვლევისა და დემოგრაფთა კამათის შედეგად უნდა დადგინდეს. იგი შეიძლება იყოს როგორც ერთფაზიანი, ისე მრავალფაზიანი.

ჩვენეული ჰიპოთეზით, დეპოპულაცია, როგორც მრავალფაზიანი მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების ტიპი, შეიძლება შემდეგნაირად განვითარდეს.  პირველ ფაზაში მოკვდაობის ზრდის ტემპი ჩამორჩება შობადობის შემცირების ტემპს ან თითქმის თანაბარია, მაგრამ მოკვდაობისა და შობადობის დონეთა შორის სხვაობა თანდათანობით პირველის სასარგებლოდ იზრდება. პირველი ფაზის დაწყების პერიოდში დასაშვებია პერიოდულად შობადობის და მოკვდაობის დონეთა გათანაბრებით მოსახლეობის ნულოვან ფარგლებში მატებაც (0,1, 0,2.... 0,9).

მეორე ფაზაში მოკვდაობის ზრდის, ხოლო შობადობის შემცირების მაღალი ტემპის გამო, იზრდება მათ შორის სხვაობა მოკვდაობის სასარგებლოდ და შესაბამისად ბუნებრივი კლება აბსოლუტურად მატულობს.

მესამე ფაზაში მოკვდაობა აღწევს მაქსიმუმს და სტაგნაციის ფონზე იწყებს კლებას, შესაბამისად შობადობის თანდათანობითი ზრდის ფონზე ეცემა დეპოპულაციის დონე, რაც ბუნებრივი კლების მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენციაში აისახება. მესამე ფაზის ბოლოს, დემოგრაფიული სისტემის თვითრეგულაციის გააქტიურების შემთხვევაში, საზოგადოებისა და ოჯახის დემოგრაფიული ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვევს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევას. შედეგად, მოსალოდნელია შობადობისა და მოკვდაობის ჯერ გათანაბრება, შემდეგ ბუნებრივი მატება დაბალ დონეზე.

მეორე ფაზა, დროის ხანგრძლივობით, პირველ და მომდევნო ჴ მესამე ფაზაზე მეტ ხანს უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც ამ პერიოდში მოსალოდნელია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ხარჯზე და განვითარებად ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვის ფორმების ფართოდ გავრცელების შედეგად, შობადობის შემცირებით მსოფლიო მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ზრდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოკვდაობის დონეს. ამ პერიოდში ასევე მოსალოდნელია მოკვდაობის ზრდაზე (განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკებში) გავლენა იქონიოს როგორც ეგზოგენური, ისე ენდოგენური ფაქტორებით გაზრდილმა დაავადებებმა. პირველი მათგანი მოსალოდნელია მზარდი ეკოლოგიური დაბინძურების პირობებში ინფექციურ დაავადებათა ზრდით [OOH., 2001: 77], ხოლო მეორე, დღეისათვის ჯერჯერობით დაუძლეველი, უნკურნებელი დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, შიდსი) და ჯერ კიდევ უცნობი, მოსალოდნელი  ენდოგენური დაავადებების ზრდით. ამდენად, არ არის გამორიცხული შობადობასთან შედარებით, ორივე ფაქტორით მოკვდაობის მაღალი დონე.

ვფიქრობთ, განსხვავებით მოსახლეობის აღწარმოების წინა ტიპებისგან, უახლესი ტიპის მეორე ფაზაში შობადობა და მოკვდაობა (შობადობა 5-8‰, ხოლო მოკვდაობა 10-15‰) უფრო დაბალ დონეზე იქნება, თუმცა მოსახლეობის ბუნებრივი კლების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იქნება და იგი 5-10 პრომილეს ფარგლებში იქნება. ამის საფუძველს გვაძლევს გაეროს ექსპერტთა პროგნოზების შესაბამისად შობადობისა და მოკვდაობის სტაბილიზაცია ერთობ დაბალ დონეზე.

გაეროს ექსპერტთა პროგნოზების 2017 წლის გადასინჯვის [www.esa.un.org] შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მესამე ფაზა ამ საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პერიოდში უნდა დაიწყოს. პლანეტის დეპოპულაციის ერთობ კრიტიკული დონე დღის წესრიგში დემოგრაფიულ უსაფრთხოებას საყოველთაოდ დააყენებს. სწორედ ამ პერიოდისთვისაა მოსალოდნელი ა. ვიშნევსკის მოსაზრების გამართლება დემოგრაფიული სისტემის თვითრეგულაციის თაობაზე, რომლის თანახმად, შობადობის ზრდა  და მოკვდაობის სტაბილიზაცია უნდა მოხდეს  შედარებით მაღალ დონეზე. ამ პერიოდიდან, მოკვდაობის დონის მრუდის ზემოდან ქვემოთ დაცემის საპირისპიროდ, მოსალოდნელია შობადობის დონის მრუდის ქვემოდან ზემოთ ზრდა და ფაზის ბოლოს მათი ერთ დონეზე გათანაბრება.

ბუნებრივია, დეპოპულაციის ფაზათა ჩვენეული ვარიანტი ჰიპოთეზურია და იგი შემდგომი კვლევის ობიექტია, ამიტომ მის სიზუსტეზე პრეტენზიას ვერ განვაცხადებთ.

მოსახლეობის აღწარმოების წინანდელი ტიპებისგან განსხვავებით, უახლესი ტიპის ჴ დეპოპულაციისას ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს მცირერიცხოვანი ერების ფიზიკური უწყვეტობის შენარჩუნება. არ გამოირიცხება ცალკეულ ქვეყნებში „ეგზოტიკური მოსახლეობის" წარმოქმნა, რაც დღის წესრიგში აყენებს მცირერიცხოვანი ერების დემოგრაფიული უსაფრთხოების პრობლემებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემათა შორის მნიშვნელოვანი როლი დემოგრაფიულ უსაფრთხოებასაც ენიჭება, განსაკუთრებით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცირერიცხოვან ერებში. მაგალითად, პროფ. ა. ანტონოვი „დეპოპულაციის ყველაზე მეტ საშიშროებას უახლოეს ასწლეულში რიგი „მინი-ერების" და ხალხთა მთლიანად გაქრობაში ხედავს, რასაც ერთაშორისი კონფლიქტების გამწვავება მოჰყვება".

ძნელია არ დაეთანხმო ა. ანტონოვის მიერ გამოთქმულ შიშს, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასიის, ბალკანეთისა და მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში 1990-2000 წლებში მცირერიცხოვან ერებს შორის არსებული ეთნოკონფლიქტების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რეალურად მათი ფიზიკური უწყვეტობისა და თვითმყოფადობის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა წარმოადგენდა. განსაკუთრებით გამწვავდა ეს კონფლიქტები ახლადწარმოქმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებში, სადაც თავის დროზე, კომუნისტური რეჟიმის პირობებში გატარებული არასწორი ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაგროვილმა პრობლემებმა მონათესავე ერთა შორისაც (მაგ. ქართველთა და აფხაზთა) კი, დაძაბული ვითარების ფონზე ეთნოკონფლიქტების წარმოქმნას შეუწყო ხელი.

ჩვენ მივეკუთვნებით დემოგრაფთა იმ ნაწილს, ვინც დეპოპულაციას განიხილავს, როგორც კაცობრიობის ეთნიკური საგანძურიდან რომელიმე მცირერიცხოვანი ეთნოსის გაქრობის საშიშროებას. 

დასკვნა

ამდენად, მოსახლეობის უახლესი ტიპი ჴ დეპოპულაცია, როგორც კანონზომიერი დემოგრაფიული პროცესი, რაც უფრო მოკლევადიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო უსაფრთხოა იგი ქვეყნისა და ერის არსებობისათვის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით აუცილებელია საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ჯეროვანი დასკვნების საფუძველზე, დეპოპულაციის დროული აღმოფხვრის მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს სათანადო აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. (2012). შემდგენელი გ. წულაძე. თბილისი. UNFPA
  2. სულაბერიძე ა. (2002). დემოგრაფიული ექსპანსია. ჟ. „სოციალური ეკონომიკა", №5.
  3. სულაბერიძე ა., სულაბერიძე ვ. (2004). მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის, ფაზათაშორისი, ტიპთაშორისი გარდამავალი პერიოდის შესახებ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის შრომების კრებული, ტ. 2, თბილისი. 
  4. სულაბერიძე ა. (2007). ფიქრები ქართულ ოჯახსა და დემოგრაფიაზე.
  5. სულაბერიძე ა. (2016). საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ზოგადი ტენდენციები. მონოგრაფია. „საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  6. ჩიქავა ლ. (2004). დეპოპულაცია გადაშენებით გვემუქრება. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა". თებერვალი, № 29-32.
  7. წულაძე გ., სულაბერიძე ა. (2016). საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები.
  8. Carlson A. (1990). Famlily questions: Reflection on the American Social Crisis. New Brunswick; Oxford, p. 63
  9. Kaa Van de D. (1987). Europe’s Second Demographic Tranition //Population Bulletin. Vol. 42 (1).
  10. Landry A. (1934). La revolution demographique..
  11. Антонов А. И. (1999).Политическая демография, проблемы противодействия, упадок семьи и депопуляция. В сб. «Демографические процессы и семейная политика: региональные проблемы». Материалы Российской н/п конференции. Липецк - Москва.
  12. Гундарев  И.А. (2001).Демографическая катастрофа в России: причины, механизм, пути преодоления. М.
  13. Иванов С. (2002). Новое лицо брака в развитых странах. Информационный бюллетень Центра демографии и экологии человека Института народохозяйственного прогнозирования РАН №63. июнь.
  14. Народонаселение, окружающая среда и развитие. Краткий доклад Организации объединенных наций. Нью-Йорк, 2001.
  15. Сулаберидзе А. (2001). Депопуляция в странах с переходной экономикой. Ж. «Социологические исследования». №11-01.
  16. www.esa.un.org/unpd/wpp